სასწავლო პროექტი


 ტყე  შეუნახე  შვილებსა! . .

პროექტის მთავარი  იდეა: ბუნებისადმი საკუთარი მზრუნველობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. 

პროექტის  აქტუალობა: ბავშვები გაეცნობიან ტყეს. მის მნიშვნელობას, როგორც ადამიანებისათვის, ასევე ცხოველებისათვის. მიიღებენ ბუნებაზე დაკვირვების უნარს.

პროექტის მიზნები:
კვლევითი და დაკვირვების უნარ–ჩვევის განვითარება.
სხვადასხვა სახეობის მცენარეთა შორის მსგავსება–განსხვავების დაფიქსირება და აღწერა.
ტყისა და ზოგადად ბუნების დაცვისა თუ გაფრთხილების აუცილებლობის გაცნობიერება.
ბუნებისადმი საკუთარი მზრუნველობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

მონაწილეთა  ასაკი: 7–8 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.

მოსალოდნელი შედეგები: ბავშვები ისწავლიან ბუნების სიყვარულს, შექმნიან  ჰერბარიუმებს. სკოლის ეზოში  დარგავენ  ნერგებს, განუვითარდებათ კვლევის–ძიების უნარ–ჩვევები.

პროექტისათვის საჭირო  ძირითადი რესურსები: წიგნები, ინტერნეტი, სამუშაო იარაღები (ბარი, თოხი),  წებო, სახატავი ალბომი, აუდიო პლეერი, დაფა და ცარცი, მცენარეების ნერგები.

პროექტის  მსვლელობა: 
I. დღე.
აქტ. I. ბავშვებთან ერთად ვარჩევ პროექტის თემას.
აქტ. II. კლასს ვყოფ  პატარა ჯგუფებად და ვუნაწილებ დავალებებს, (ჯგუფმა უნდა უპასუხოს კითხვას)
ჯგ. რომელი მცენარეები გვხვდება საქართველოს ტყეებში? მოიძიეთ ინფორმაციები მათ შესახებ.
ჯგ. II. რა მნიშვნელობა აქვს ტყეს ადამიანებისათვის?
ჯგ. III. რა მნიშვნელობა აქვს ტყეს ცხოველებისათვის?
ჯგ. IV რა მოხდება  თუ ადამიანები   ტყეებს სულ გაჩეხენ?
(სამუშაოდ ეძლევათ ხუთი დღე)
დღე. VI.
აქტ. III. ჯგუფები, მოპოვებული მასალებით აკეთებენ პრეზენტაციებს კლასის წინაშე.
აქტ. IV. შევარჩევთ დასარგავად სასურველ ნერგს. (სასურველია ეს მცენარე იყოს რაიმე ნიშნით გამორჩეული.)
აქტ.V. გაკვეთილის შემდეგ ვაწყობთ ლაშქრობას ექადიის ტყე–პარკში. სადაც ბავშვები დააკვირდებიან მცენარეებს. გაარკვევენ რა ტიპის ტყეში ვართ.
შეეცდებიან ამოიცნონ მცენარეები ფოთლებზე დაკვირვებით.
შეეცდებიან მოისმინონ და ჩაიწერონ ფრინველთა ხმები.შეამჩნევენ, რომ შემოდგომაზე ტყე შედარებით წყნარია,რადგან ფრინველები უკვე თბილ ქვეყნებში გადაფრინდნენ.
შეაგროვებენ შემოდგომის ფოთლებს, რომ დაამზადონ ჰერბარიუმი.
დღე.VII.
აქტ.VI.გაუზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. ჯგუფები  შეგროვილი ფოთლებით
შეადგენენ  ჰერბარიუმს.
აქტ. VII. მშობლების დახმარებით სკოლის  ეზოში წინასწარ  გამზადებულ ორმოებში  ჩარგავენ  რამდენიმე  ნერგს. ამით  თავიანთ წვლილს შეიტანენ ბუნების  დაცვის  საქმეში.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ბუნ.II.1.მოსწავლეს  შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითად  ნაწილების აღწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  
·           აგროვებს მასალას (მაგ.,  ჰერბარიუმი, ჟურნალ-გაზეთების ილუსტრაციები), ავლენს მცენარეებისა და ცხოველების ორგანიზმის ძირითადი ნაწილების მრავალფეროვნებას  და აკეთებს კოლაჟს;
·           მოსწავლე აღწერს სხვადასხვა მცენარეს შორის არსებულ მსგავსებას და განსხვავებას.  (მაგ., ერთი ან სხვადასხვა სახეობის მცენარის ფოთლების ფორმა და ზომა, ყვავილების გვირგვინის ფურცლების რაოდენობა, ნაყოფებში თესლების რაოდენობა).

ბუნ.II.4.მოსწავლეს შეუძლია სეზონური მოვლენების დახასიათება.

 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      თანმიმდევრობით ჩამოთვლის სეზონებს და თვეებს;
·      ერთმანეთს ადარებს სეზონებს, საუბრობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე, აკეთებს კოლაჟებს,  ჩანახატებს და სხვა;
·      აღწერს იმ ცვლილებებს, რომლებსაც განიცდიან მცენარეები და ცხოველები სეზონების მიხედვით (მაგ., ფოთოლცვენა, ყვავილობა, ბეწვის ფერის ცვლა);

ბუნ.II.9.მოსწავლეს შეუძლია   გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აკვირდება ლოკალურ გარემოს, საუბრობს ადამიანის საქმიანობით (მაგ., სკოლის და სახლის ეზო - მოვლა/გამწვანება)  გამოწვეულ ცვლილებებზე;
·      გამოთქვამს მოსაზრებას სკოლის გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, სახავს მისი განხორციელების გზებს;
·      მონაწილეობს სკოლის გარემოს გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ აქციებში.

პროექტის ხელმძღვანელი: ნინო თავბერიძე.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ninotavberidze15@gmail.com